English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
კრიპტო ვალუტის ზოგიერთი საკითხი ინოვაციური ეკონომიკის პირობებში

ანოტაციანაშრომში განხილულია ფულის წარმოშობა და მისი განვითარების ფორმები. გაშუქებულია ფულის ევოლუცია და მისი ფენომენი ეკონომიკურ თეორიაში. გაანალიზებულია კრიპტოვალუტის საკითხები და მისი გამოწვევები ინოვაციური ეკონომიკის პირობებში. დახასიათებულია ბიტკოინები, ბლოიკჩეინი, მაინერი, ელექტრონული ფულის არსი და მისი ფორმები. აღნიშნულია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკები.

საკვანძო სიტყვები: კრიპტოვალუტა, ბლოკჩეინი, მაინერი, ბიტკოინი, რიპლი, ციფრული ვალუტა. 

შესავალი

თანამედროვე ეკონომიკური განვითარება ინოვაციების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. ფფულის განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მან მეტად საინტერესო გზა გაიარა დღევანდლამდე. კრიპტოვალუტა, ელექტრონული ფული თანამედროვეობის ახალი გამოწვევაა. მისი უამრავი სახე არსებობს დღესდღეობით, მის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი კი ენთუზიაზმითაა განწყობილი. საქართველო ბიტკოინების მოპოვებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, კრიპტოვალუტა მომავლის ფულია და ვარაუდობენ, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში, მან შეიძლება მთლიანად ჩაანაცვლოს ქაღალდის ფული და ბანკები.

.   .   .

გლობალიზაციისა და ინოვაციური ეკონომიკის პირობებში მსოფლიოს ქვეყნები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ყველა სიახლე და მეცნიერული მიღწევა სწრაფად ვრცელდება თითქმის მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანა – განვითარებული თუ განვითარებადი – შეძლებისდაგვარად პასუხობს ახალ გამოწვევებს. ეკონომიკა საზოგადოებრივი მეცნიერებაა და კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია თითოეული ინდივიდისათვის.

ადამიანი თავისი ბუნებით მოაზროვნე და შემოქმედი არსებაა. იგი არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდამ ესწრაფვის, სამყაროს საიდუმლოებებს ახადოს ფარდა. ადამიანთა მოთხოვნილებები უსაზღვროა და მრავალფეროვანი. აქ გვახსენდება დიდი პოეტის, ნ. ბარათაშვილის სიტყვები _ ,,ვინ არის იგი, ვისთვის გული ერთხელ აღევსოს და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, იგი ეკმაროს”.აადამიანი მუდამ ესწრაფვის თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (შეზღუდული რესურსების პირობებში) და ცხოვრების კეთილდღეობის ამაღლებას.

ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო რეგულირების არსი ისაა, რომ სახელმწიფომ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით, ხელი შეუწყოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების პროცესთა დაჩქარებას.

ფულის ფენომენს ეკონომიკურ თეორიაში დღესაც თვალსაჩინო ადგილი უკავია. იგი იყო და არის ეკონომიკურ მეცნიერებაში ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხი. ორ ურთიერთსაპირისპირო შეხედულებას შორის დავა _ ,,ფული ყველაფერია” და ,,ფული არაფერია” _ დღესაც გრძელდება. ეკონომიკურ მეცნიერებებში არსებობს ფულის წარმოშობის ორი კონცეფცია: რაციონალისტური და ევოლუციური. რაციონალისტური კონცეფციის თანახმად, ფული ადამიანთა შეთანხმების პროდუქტია. ფულის წარმოშობის რაციონალისტური კონცეფცია პირველად არისტოტელესთან გვხვდება. იდეა ფულზე, როგორც შეთანხმებაზე, XVIII საუკუნის ბოლომდე ბატონობდა, თუმცა ეს მიდგომა თნამედროვე მეცნიერ-ეკონომისტთა შეხედულებებშიც არსებობს. ევოლუციური კონცეფცია მიიჩნევს, რომ ფული საქონელთა გაცვლის პროცესის განვითარების შედეგად წარმოიშვა. ამ მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი კ. მარქსი წერდა: ,,გაცვლის პროცესი, ამასთანავე ფულის შექმნის პროცესიც არის”. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს სამუელსონი და ნორდჰაუსი.

ბაზარზე საქონელთა გამრავალფეროვნებამ შემთხვევითი გაცვლა უაღრესად გაართულს, რადგან მყიდველთა და გამყიდველთა სურვილები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა. საქონლის საქონელზე გაცვლა (ბარტერი) მათ ყველა მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა და შეუსაბამო ხდებოდა. საქონელთა გაცვლის პროცესის გასაადვილებლად შეირჩა ისეთი საქონელი, რომელიც ყველაზე უკეთ პასუხობდა გაცვლაში შუამავალი საქონლის მოთხოვნებს. ასეთ საქონელს ფულის ფუნქციები დაეკისრა. ფულის დანიშნულებას ყველაზე უკეთ კეთლშობილი ლითონი – ოქრო ასრულებდა, რომელსაც ღირებულების საყოველთაო  ეკვივალენტის ყველა თვისება გააჩნია, ესაა: იშვიათობა, მცირე მოცულობა, მაღალი ღირებულება, გაყოფადობა, ცვეთა-მედეგობა, მდგრადობა. ოქროს თვითონ აქვს საკუთარი სტაბილური ღირებულება და ამიტომ ყველა სხვა საქონლის ღირებულების საზომ ეტალონად იქცა. თავისი ისტორიული განვითარების მანძილზე ფულმა შემდეგი ფორმები მიიიღო: 1) საქონლური ფული, 2) ლითონ-ჭედური ფული, 3) ქაღალდის ფული, 4) ელექტრონულ-დეპოზიტური ფული.

ფულის ისტორია მოწმობს, რომ ფული არ შეიძლება იყოს ერთგვაროვანი მასა, ფული თავისი წარმოშობის პერიოდიდან დღემდე განიცდის არსებითი ხასიათის ცვლილებებს. საქონლური ფული (მსხვილფეხა პირუტყვი, მარილი, შრომის იარაღები, სამკაულები, მონები და ა.შ) ევოლუციური განვითარების შედეგად უფრო მოხერხებული ლითონ-ჭედური ფულით შეიცვალა. საწყის ეტაპზე ფულის ეს ფორმა კეთილშობილი ლითონების, კერძოდ, ოქროს ზოდების სახით არსებობდა, რაც მოგვიანებით მონეტებით შეიცვალა, რომელსაც მთავრობები საკუთარი დამღით უშვებდნენ, ეს კი მათი გაყალბების შესაძლებლობებს ზღუდავდა. შემდგომში ქაღალდის ფულმა ოქროსა და ვერცხლის მონეტები საბოლოოდ გამოდევნა XX საუკუნის დასაწყისში, იქამდე ისინი თანაარსებობდნენ და ერთმანეთზე თავისუფლად იცვლებოდნენ, ,,ოქროს ფულის სტანდარტი” ,,ქაღალდის ფულის სტანდარტით” შეიცვალა.

ფულის ევოლუციური პროცესი ქაღალდის ფულზე  არ შეჩერებულა,  XX საუკუნის ბოლო ათწლეულში მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ ფულის ადეკვატური ფორმა ე. წ. ელექტრონულ-დეპოზიტური ფული წარმოშვა, რომელიც საკრედიტო ბარათების სახით წარმოგვიდგება. კომპიუტერული ქსელების ფართოდ გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ფულადი ოპერაციების განხორციელება ბანკების კომპიუტერული ელექტრონული კავშირების საშუალებით. ელექტრონულ-დეპოზიტური ფული თავისი ბუნებით არამატერიალური, ინფორმაციული ფულია, რომელიც მხოლოდ აბსტრაქტული წარმოსახვითი ფორმით არსებობს, ფული უნივერსალური საქონელია. ფულის არსი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკური სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებაში გამოიხატება, ფულს აქვს ხუთი ფუნქცია: 1) ფული, როგორც ღირებულების საზომი; 2) ფული, როგორც მიმოქცევის საშუალება; 3) ფული, როგორც გადახდის საშუალება; 4) ფული, როგორც დაგროვების საშუალება; 5) ფული, როგორც მსოფლიო ფული. ფულის მიმოქცევის ნორმალური პროცესი შეიძლება დაირღვეს როგორც ინფლაციის, ისე დეფლაციის დროს. ინფლაცია ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური დაავადებაა. ფულის ფორმირების ისტორიული განვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი ამ პროცესში თანდათანობით იშორებდა თავის გარსს და ამჟამად აბსტრაქტული, წმინდა ინფორმაციული ფორმა მიიღო. ფულის პირვანდელი სახეობა – საქონლური ფული ძირითადი დანიშნულების გარდა, სამომხმარებლო ფუნქციებსაც ასრულებდა, ამიტომ ფულის ამ ფორმას ყოფითი, მატერიალური ფული შეიძლება ეწოდოს. ოქროს ფორმაზე გადასვლით ფულს ჩამოსცილდა ყოფითი სამოსელი და შიშველი სახით იდეალური ფულის ფორმით მოგვევლინა. ქაღალდის ფულის შემოღებით კი მან მთლიანად დაკარგა თავისი მატერიალური გარსი და სიმბოლური ფულის, ანუ ფულის ნიშნის ფორმით მოგვევლინა, ელექტრონულ-დეპოზიტური ფული კი თავისი ბუნებით არამატერიალური, ინფორმაციული ფულია.

ფულის ფორმების განვითარების ტენდეციების შესწავლა საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ, რომ მომავალში ელექტრონული ფული მთლიანად გამოდევნის ქაღალდის ფულს და ფულის გაბატონებულ ფორმად აქცევს, ხოლო მისი წინამორბედი ქაღალდის ფული ისტორიის საკუთრებად იქცევა. დიდი ეკონომისტი ვ. კარლეილი წერს: ,,ფული ის ღერძია, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ეკონომიკა”. ეკონომიკურ თეორიაში ერთ-ერთი ძირითადი იყო ყოველთვის და არის ფულის ცნება.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა: ,,ციფრული ფული” ,,ელექტრონული ფული”, ,,კრიპტოვალუტა”, ,,ბიტკოინი”, ,,ბლოკჩეინი”, ალტერნატიული ფული” და ა. შ. ევროს პროექტის შემმუშავებელი ბერნარდ ლიეტერის შეფასებით, დღეისთვის მსოფლიოში მინიმუმ 2500 ალტერნატიული ფულადი სისტემა არსებობს, ზოგიერთი ავტორი მას ..კერძო ფულს” უწოდებს. ეკონომისტი ფ. ჰაიეკი თავის ნაშრომში აკრიტიკებს ოფიციალურ ფულად სისტემებს, ის ფულს განიხილავდა, როგორც ჩვეულებრივ ,,საბაზრო საქონელს”. იგი მხარს უჭერს დეცენტრალიზებული ფულადი ემისიის სისტემას და ცალკეული სახის კერძო ფულს შორის კონკურენციას. XVIII საუკუნეში აშშ-ში გამოშვებულ იქნა დაახლოებით 7 000 სხვადასხვა სახის ფული. ფულის გამოშვებით დაკავებული იყვნენ ცალკეული შტატები, მუნიციპალიტეტები, მაღაზიები, რესტორნები, კერძო ბანკები და ცალკეული ინდივიდებიც კი. მაშინდელმა ფულის ემინანტებმა მიიღეს ,,ველური ბანკების“ სახელწოდება. მსგავს პროცესებს ადგილი ჰქონდა სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებშიც.

,,ალტერნატიულ ფულს” ხშირად ,,თავისუფალ ფულს” უწოდებენ. ეს ტერმინი შემოიღო გერმანელმა ეკონომისტმა ს. ჰეზელმა, ავტორმა ნაშრომისა  ,,თავისუფალი ეკონომიკა”. ტერმინ ,,თავისუფალი ფულის” ქვეშ იგულისხმება ფული, რომელიც ,,თავისუფალია პროცენტებისაგან”. მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი პროცენტები, რაც ამაღლებს მის უნარიანობას, შეასრულოს მიმოქცევის ფუნქცია და ხელი შეუშალოს მის გადაქცევას განძად, უმოქმედო კაპიტალად. ჟ. კეინზი აღნიშნავს ჰეზელის გავლენას მის საკუთარ კონცეფციაში.

კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბიტკოინია. ბიტკოინის მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება, კრიპტოვალუტა ბიტკოინი მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რამდენიმე წლის წინ იგი ერთი დოლარი ღირდა, ახლა კი 2800 დოლარი ღირს. კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2009 წელს შექმნეს უცნობმა პროგრამისტებმა. სავარაუდოდ, მასზე მუშაობდა ჯგუფი სახელწოდებით სატოში ნაკამოტო (Satoshi Nakomoto). დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ შექმნა ეს პროგრამა. მიუხედავად ჟურნალისტური გამოძიებისა და ბევრი მცდელობისა, სატოში ნაკამოტო ინკოგნიტოდ რჩება. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ შექმნა ეს პროგრამა. აღსანიშნავია, რომ იგი შეიქმნა 2008 წელს ფინანსური კრიზისის შემდეგ. მისი იდეა იყო თვითრეგულირებადი ვალუტის შექმნა, ისეთის, რომლის რეგულაციებში ბანკები ვერ ჩაერეოდნენ. ბიტკოინი, შეიძლება ითქვას, რომ პირველი დეცენტრალიზებული ვალუტაა. შეიქმნა ვალუტა, რომელიც ყოველგვარი ჩარევისა და რეგულაციების გარეშე არსებობს. არც ერთ ხელისუფალს არ შეუძლია მისი სისტემიდან ამოღება. თითოეულ ბიტკოინს აქვს საკუთარი კოდი, სისტემის პირობების მიხედვით, 21 მილიონ ბიტკოინზე მეტი ვერ შეიქმნება. ახლა მოქმედებს მხოლოდ 16,5 მილიონი  ბიტკოინი. ახალ ბიტკოინს მხოლოდ სისტემა ქმნის, მისი ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია. მთელი სისტემა აწყობილია ბლოკჩეინზე, ანუ ჯაჭვის ბლოკებზე. ეს ჯაჭვი შეიცავს ყველა იმ ტრანსაქციას, რომელიც სისტემაში ხორციელდება. რას წარმოადგენს ბლოკი? ბლოკი არის ტრანსაქციების სია, თითოეული ტრანსაქცია შეიცავს ფაილს, სადაც ნაჩვენებია ბიტკოინის ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადაადგილება.

თითოეული ბიტკოინი შეიცავს ყველა იმ ტრანსაქციის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მას მონაწილეობა მიუღია. ამ მხრივ ანონიმურობა არ არის დაცული, ნებისმიერ პირს შეუძლია ნახოს ნებისმიერი ბიტკოინის მოძრაობა, ნახოს ყველა ის მისამართი, სადაც ის ,,იმყოფებოდა” და რა ოპერაციებშიც მონაწილეობდა, ბიტკოინის მოპარვის შემთხვევაში მისი გამოყენება ან ფულზე გადაცვლა თითქმის შეუძლებელი ხდება, მაშინაც კი თუკი ჰაკერები კომპიუტერების ბლოკირებას მოახდენენ ბიტკოინის გამოძალვის მიზნით, მათ შემდეგ მისი გამოყენება ძალიან გაუჭირდებათ. ბიტკოინის დეველოპერი ა. ბოტტემა, რომელიც თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი ბიტკოინის მიმართ, მისი შესწავლის შემდეგ აღნიშნავს, რომ ის, ინტერნეტის მსგავსად, ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მასშტაბური გამოგონებაა. ა. ბოტტემა ბიტკოინს ოქროს ადარებს, თუმცა ოქროსთან შედარებით ბიტკოინის შენახვა უფრო პრაქტიკულია, იგი ხომ ვირტუალურია. იგი იხსენებს, რომ ბიტკოინი იაპონიაში იყიდა და უკვე 10 წამის  შემდეგ ის მის ჯიბეში იყო, ერთი ბანკიდან მეორე ბანკში ფულის გადაგზავნა და აღება კი ხშირად დიდ დროს მოითხოვს. ჟურნალმა ფორბეს-მა კრიპტოვალუტის ყველაზე მდიდარ მფლობელთა სია გამოაქვეყნა; პირველ ადგილზე Ripple-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლარსენი გავიდა, რომლის ქონებაც 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა კანადელი მილიარდერი ლაბანი, ის Ithereum- ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მესამე ადგილზეა მილიარდერი ჩანპენ ჩჟაო. ძმები ქემერონ და ტაილერ უინკლკოსები, რომლებმაც 2008 წელს მარკ ცუკერბერგს Facebook- ის იდეისთვის სასამართლოში 65 მილიონი დოლარი მოუგეს, სხვადასხვა მონაცემებით, იყვნენ მსოფლიოში პირველი ადამიანები, რომელთა ბიტკოინების რაოდენობამაც მილიარდი დოლარის ღირებულებას გადააჭარბა. მათი ქონება 1,1 მილიარდი დოლარია. რეიტინგში ასევე ფიგურირებს კომპანია Bitfury-ის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომლის ქონებას Forbesi 500 – 700 მლნ დოლარად აფასებს. ფორბეს-ის სიაში მოხვდა Ethereum- ის დამფუძნებელი ვიტალი ბუტერნი, რომლის ქონებაც 400 – 500 მლნ დოლარია. დღესდღეობით კი კრიპტოვალუტაზე და ბიტკოინებზე უკვე მსჯელობენ ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უმაღლესი დონის პოლიტიკური მოღვაწეები. ამ თემას აქტიურად განიხილავენ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე დავოსში. კრიპტოვალუტა არის ციფრული ვალუტის სახე, რომლის ემისია და აღრიცხვა ეფუძნება დაცვის სხვადასხვა კრიპტოგრაფიულ მეთოდებს, როგორიცაა roof – of - Work და proof – of - Stake ასიმეტრიულ დაშიფრვასა და გამოყენებას. სისტემის ფუნქციონირება ხდება დეცენტრალიზებულად განაწილებულ კომპიუტერულ ქსელში, მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა ფულის ახალი სახეა, რომელიც პარალელურად არსებობს ფულთან ერთად, მაგრამ მათგან არსებითად განსხვავდება. ბიტკოინი (Bitcoin) ხშირად აღინიშნება ინგლისური აბრევიატურით BTC, მიუხედავად იმისა, რომ BTC ვირტუალური ერთეულია, მას უწოდებენ მონეტას და თვალსაჩინოებისთვის რეკლამებში გამოსახავენ ოქროს წრის სახით. 2009 წლის 3 იანვარს შეიქმნა პირველი ბლოკი ბიტკოინის ქსელში და ეს დღე ითვლება ბიტკოინის დაარსების დღედ და ბიტკოინის გაერთიანების მიერ აღინიშნება მთელ მსოფლიოში.

დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში გაჩნდა pos-ტერმინალი მაღაზიებში ბიტკოინის ანგარიშსწორებისთვის, ბანკომატები კრიპტოვალუტისათვის. ბიტკოინის გაერთიანება მილიონობით წევრს ითვლის, ბოლო დროს ხშირად შეხვდებით ინტერნეტსივრცეში შემოთავაზებებს მარტივად იშოვოთ ფული კრიპტოვალუტაში დაბანდებით. ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ა.შ. მათი ათასზე მეტი ნაირსახეობაა და კიდევ ბევრი შეიქმნება. რამდენიმე თვის წინ ქართული კრიპტოვალუტა ,,ოქროს საწმისი” შეიქმნა, ეროვნული ბანკი გვაფრთხილებს, რომ კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, მისი რეგულაციების სფეროში არ შედის და შედეგებზეც, რაც შესაძლოა კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებას მოჰყვეს, პასუხისმგებლობას იხსნის. ექსპერტების აზრით, ციფრული ვალუტური ფულის განვითარების თანამედროვე ეტაპია, თუმცა რისკები დიდია, ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტა არ არის მიღებული, როგორც გადახდის, გაცვლის საშუალება. მეტიც, ზოგ ქვეყანაში კრიმინალიზებულიც კი არის. კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ცენტრალური ბანკების მიერ და არც არაფრით არის გამყარებული, ვინაიდან კრიპტოვალუტის შემქმნელები არიან კერძო პირები და არა სახელმწიფოები და ცენტრალური ბანკები; თუ კრიპტოვალუტის ფასი ნული გახდება, არავინ იქნება პასუხისმგებელი მათ წინაშე, ვინც თავის დროზე ვირტუალური ფული შეიძინა. მან შეიძლება სწრაფად დაკარგოს ღირებულება, რადგან ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდება, ის კი მკვეთრად იცვლება დროის მოკლე მონაკვეთში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ფასებმა ზოგ კრიპტოვალუტაზე 10 – 15-ჯერ მოიმატა და გაიზარდა ამ სექტორის პოპულარობაც, მათ შორის, საქართველოში. კრიპტოვალუტის მოპოვება საქართველოშიც ხდება. ამ ბაზრის სტატისტიკური ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ცნობილია, რომ Bit Fury ჯგუფი ფლობს დეტა-ცენტრს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი საქმიანობაა ე. წ. მაინინგი, ანუ კრიპტოვალუტის გამოშვება, აგრეთვე სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდება, მაგალითად მონაცემთა ბაზის შერჩევა. არსებობს ინფორმაცია, რომ 2016 წელს Bit Fury- ზე მოდიოდა მსოფლიოში არსებული ყველა ბიტკოინის 15%, გარდა ამისა, საქართველოში ელექტრონულ ფულს სხვა კერძო სუბიექტებიც მოიპოვებენ. ეს სფერო იმდენად არაგამჭვირვალეა, არ არის ცნობილი რამდენი თანხა გავიდა ან შემოვიდა საქართველოში კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით თუ მათი გამოშვებით. საქართველო რომ მეორე ადგილზეა ბიტკოინების გამომუშავებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამაშია ჩართული, ამ კრიპტოვალუტის ფასის დაცემა-აწევა დროებითია, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მათი ღირებულება აღარ გაიზრდება 2000%-ით, არამედ ის მიახლოებით 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. ყველაზე სარისკო ის არის, რომ ადამიანმა სწრაფი ფულის შოვნის მიზნით შეიძლება შეიძინოს ე. წ. მაინერები, რაც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს და ინვესტიციაც ჩადოს, აიღოს კრედიტიც, მაგრამ მაინერები, რომლებიც დღეს გაქვთ განსაზღვრული პროცენტით, უკუგებას გაძლევთ (ბიტკოინში, ეთერიუმსა და სხვა კრიპტოვალუტაში), რამდენიმე თვეში შესაძლოა აღარ იყოს მომგებიანი, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ახლდება, რაც უფრო იმატებს ამა თუ იმ ელექტრონული ვალუტის მოპოვება, ეს პროცესი მით უფრო ძნელდება და სულ უფრო ძვირადღირებული ტექნოლოგიების ყიდვა ხდება საჭირო ისეთივე შედეგისთვის, როგორიც დღეს აქვთ.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფულის დაბანდება უფრო მომგებიანია ალტკოინებში, ეს არის სხვადასხვა კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულება დღეს მინიმალურია, თუმცა რისკი აქაც არის, ვინაიდან ბიტკოინის უკან არ დგას არც ერთი  სუვერენული სახელმწიფო, სრულიად შესაძლებელია, იდგეს მაფიოზური სინდიკატი და ეს ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადამალვის მიზნით გამოიყენოს.

მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ბანკი უფრო და უფრო ართულებს კრიპტოვალუტების შეძენას კრედიტბარათებით. ისინი ცდილობენ, რომ საბოლოოდ აკრძალონ დეცენტრალიზებული მონეტის ყიდვა, რომლმაც ერთ დღეს შეიძლება საერთოდ ჩაანაცვლოს ბანკები. CITI Bank India არის ერთ-ერთი ბანკი, რომელმაც ახლახან აუკრძალა თავის მომხმარებელს კრიპტოვალუტის კრედიტ ბარათები ყიდვა. გლობალურ ბანკებს, როგორებიცაა Bank of Amerika, Lioyds Banking Group  და Jp Morgan Chase,ჲუკვე ბოლო პერიოდია აკრძალული აქვთ ციფრული ფულის ყიდვა, მაგრამ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით. ბლოკჩეინ ენთუზიასტი მ. პალეი (ვაშინგტონი), მსხვილი კრიპტოინვესტორი ს. არადვაი (ინდოეთიდან) აცხადებენ, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება, გვიკარნახონ თუ სად ჩავდებთ ჩვენს მიერ ნაშოვნ ფულს. მათი მოსაზრებით ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ტექნოლოგიის სიძლიერეზე და იმაზე, რომ ერთ დღეს ის ბანკებს აუცილებლად ჩაანაცვლებს.

ბევრი ქვეყანა სხვანაირად რეაგირებს კრიპტოვალუტაზე. მაგ. ავსტრალიისა და ევროპის ბევრი ბანკი უახლოეს მომავალში არ აპირებს არანაირი აკრძალვის შემოღებას კრიპტოვალუტაზე. მართლა ჩაანაცვლებს ბანკებს ბლოკჩეინის ტექნოლოგია თუ არა, ჯერ კიდევ მომავლის სქმეა და დაზუსტებითი პასუხი არ არსებობს. ლეგენდარული ამერიკელი მილიარდერი და ინვესტორი (რომლის ქონება 58 მილიარდია) უორენ ბაფეტი ციფრული ვალუტის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. მისი მოსაზრებით, ბიტკოინი არის აქტივი, რომელსაც რეალური ღირებულება არ გააჩნია. ბბაფეტი ამბობს, რომ მისი კომპანია კვლავაც არავირტუალურ აქტივებზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ბაფეტს ასეთივე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ე.წ. დოტკომპანიების მიმართაც, თუმცა მაინც გახდა ,,ეპლისა” და ,,აიბი-ემის” ინვესტორი, რითაც უზარმაზარი მოგება ნახა. ბაფეტის განცხადებამ ციფრული ბაზრების კლება განაპირობა. ბაფეტის ცნობილი სიტყვებია: ,,არასდროს ჩადოთ ფული იმ სფეროში, რომელსაც არ იცნობთ”.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიტკოინის ბაზრის რეგულირებისთვის გზების ძიებას იწყებს. კორეა ციფრული ვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში. ზოგირთი ფინანსისტი ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2018 წელს ამჟამად არსებული კრიპტოვალუტის ნახევარი გაქრება, ყველაზე პოპულარულ ვალუტას ბიტკოინს კი ,,ზომიერი კლება” ელოდება, იგი შესაძლებელია მალე აღმოჩნდეს ფინანსური ბაზრის აუთსაიდერის სიაში, რადგან დღეს მას წარმატებით ანაცვლებენ სხვა უფრო იაფი ვალუტით, მაგ., ეთერიუმით. ექსპერტების ვარაუდით, კრიპტოვალუტის 60% გაქრება; ამავე დროს, მათი თქმით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, პირიქით, გახდება სულ უფრო და უფრო პოპულარული.

ბატონი ლ. პაპავა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით (თავის ინტერვიუში) შემდეგ პროგნოზს აკეთებს _ ,,2018 წელს ერთი საფრთხე არის მოსალოდნელი და განსაკუთრებით მინდა ჩვენი მოსახლეობა გავაფრთხილო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. დიდია ალბათობა, რომ კრიპტოვალუტები, განსაკუთრებით ბიტკოინი, ,,აფეთქდებიან” და ამაზე მსოფლიოს წამყვანი ფინანსისტები ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული, ეს 2018 წელს მოხდეს. ეს ფინანსური პირამიდა რომ აუცილებლად აფეთქდება, ამას წყალი არ გაუვა, ხოლო საქართველოში საკმაოდ დიდია კრიპტოვალუტით გატაცება. ძალიან კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილა მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჯობდა უფრო ადრე ეთქვა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვიცით, შემდეგ როგორ ხდება ხოლმე – დაზაფრული ხალხის რიგები მთავრობის წინ ან ეროვნულ ბანკთან მოთხოვნა, რომ ზარალი აუნაზღაურონ”.

Ripple სან-ფრანცისკოში არსებული კომპანიაა, რომელსაც კრიპტობაზარზე საკუთარი მსხვილი კრიპტოვალუტა რიპლი აქვს გაშვებული. რიპლის დახმარებით ფულადი ტრანზაქციები ორ მხარეს შორის ძალიან სწრაფად ხორციელდება, რიპლის გენერალური დირექტორის ბრედ გარლინგჰაუსის აზრით, რიპლის უპირატესობა ბიტკოინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ რიპლით ტრანსაქციის განხორციელება გაცილებით სწრაფად ხორციელდება. ბლოეკცჰაინ ინფო-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბიტკოინით ფულის ტრანსაქციას 42 წუთი სჭირდება, ხოლო რიპლით ფულის გადარიცხვა 4 წამში ხორციელდება.

საბაზრო კაპიტალიზმის მიხედვით (ბაზარზე არსებული ბიტკოინების რაოდენობა გამრავლებული ფასზე) ბიტკოინი უმსხვილესი კრიპტოვალუტაა. მეორე პოზიციაზე ეთერიუმია, ხოლო რიპლი მესამე ადგილს იკავებს. 

დასკვნა

საბლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ კრიპტოვალუტა თანამედროვე ინოვაციური ეკონომიკის პირმშოა, იგი დეცენრტალიზებული ფულია, ხოლო მომავალში ჩაანაცვლებს თუ არა ქაღალდის ფულს და ბანკებს, ამაზე ცალსახა პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.    აბესაძე რ., ინოვაციური-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2014.

2.    თეთრაული ც., – ეკონომიკური ზრდის ფაქტორები და სამთავრობო პოლიტიკა. აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადებიდან 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციის მასალების კრებული. მდგრადი განვითარების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2017.

3.    პაპავა ლ., ,,ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან”, გაზეთი კვირის პალიტრა, 1 – 7 იანვარი, 2018.

4.    www.timer.ge